24 January 2009

"ქსელაობა" ანუ Networking

ალბათ, ყველა ჩვენგანს წაუკითხავს და არაერთხელ გაუგია, რომ "ნაცნობების ქსელი" (Network) არის ნებისმიერი მენეჯერის სამუშაოს და განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტი.

დღევანდელ პოსტში გადავწყვიტე მოკლედ (რამდენადაც ფორმატი სხვა საშუალებას არ მაძლევს) შევეხო ამ თემასთან დაკავშირებულ რამდენიმე კითხვას:

1. რა არის ქსელი?

2. რა სარგებელი მოაქვს ქსელს?

3. როგორ განვავითაროთ ქსელი?

4. როგორ გადავდგათ პირველი ნაბიჯები?

1. (ნაცნობობის) ქსელი არის ისეთი ადამიანების ერთობლიობა, რომლებიც წყვილ-წყვილად ერთმანეთს იცნობენ და მზად არიან რამე გაუკეთონ თავისი ქსელის სხვა მონაწილეებს. თქვენი ქსელის „პირველ დონეზე“ არიან ის ადამიანები, ვისაც თქვენ პირადად იცნობთ (იგულისხმება, რომ ისიც გიცნობთ J) და ვარაუდობთ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დახმარება სთხოვოთ. თქვენი ქსელის „მეორე დონეზე“ არიან თქვენი პირველი დონის კავშირების პირველი დონის კავშირები და ასე შემდეგ.

ნებისმიერ ადამიანს აქვს ქსელი, მაგრამ ყველა არ იყენებს მას, როგორც პროფესიულ ინსტრუმენტს და ძვირფას აქტივს.

2. რა სარგებელი შეიძლება მოგიტანოთ ქსელმა? თქვენს ქსელში, თუ ის საკმარისად განვითარებული (რაოდენობრივად) და ხარისხიანია (არ შედგება შემთხვევითი ნაცნობობებისგან), შეიძლება მოიძებნოს:

· პოტენციური დამქირავებლები

· პოტენციური კლიენტები

· პოტენციური თანამშრომლები

· პოტენციური კონსულტანტები

· პოტენციური მომწოდებლები

ქსელი შეიძლება გამოიყენოთ ძალიან ეფექტიანად:

· შეკითხვებზე პასუხის მისაღებად

· კონკრეტულ საქმეში (ამოცანაში) დახმარების მისაღებად

· სამსახურის (კონტრაქტების) მოსაპოვებლად

· რეკომენდაციის მისაღებად კანდიდატების შესახებ

· სხვა ბევრი კარგი საქმისთვის

კომუნიკაციის ელექტრონული საშუალეების დღევანდელი დონის გათვალისწინებით, ამ ყველაფრის გაკეთება, ფაქტიურად, საკუთარი სამუშაო ადგილიდან შეგიძლიათ.

თითოეული თქვენგანი, პროფესიულ წარსულს თუ გადახედავს, აღმოაჩენს უამრავ შემთხვევას, როდესაც სწორედ ქსელი დაეხმარა კარგი შედეგების მიღწევაში და „საქმეების მოგვარებაში“.

3. როგორ განვავითაროთ ქსელი? ეს ძალიან მასშტაბური თემაა იმისათვის, რომ ერთ პოსტში დავფაროთ, მაგრამ მაინც შესაძლებელია ძირითადი რეკომენდაციების გამოყოფა:

· დაადოკუმენტირეთ არსებული ქსელი (ვის იცნობთ - სახელები, საკონტაქტო ინფორმაცია, ორგანიზაციები, გამოცდილება და ა.შ.). დღეს ინტერნეტში არის ბევრი ინსტრუმენტი, რომელიც ამაში მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევთ. პირადად მე აქტიურად ვიყენებ პროფესიული „ქსელაობის“ საიტს - www.linkedin.com, რომელიც სწორედ ამ მიზნებისთვისაა შექმნილი (თუ დარეგისტრირდებით, მეც მომძებნეთ და „დამიკავშირდით“). ასეთი ინსტრუმენტი, დარეგისტრირებისა და თქვენი CV-ს შეტანის შემდეგ, საშუალებას გაძლევთ, იპოვოთ უკვე რეგისტრირებული ნაცნობები და მოიწვიოთ სხვები. მას შემდეგ, რაც ვინმეს „დაიკავშირებთ“, თქვენ საშუალება გაქვთ, დაათვალიეროთ „ნაცნობების ნაცნობები“ და ა.შ. ქსელის ბუნებიდან გამომდინარე, გაგიკვირდებათ, რამდენი ადამიანი და ორგანიზაცია აღმოჩნდება თქვენგან „ერთი ხელის გაწვდის“ მანძილზე.

· ეძებეთ შესაძლებლობები „გამოადგეთ“ თქვენს ქსელს - უპასუხოთ მათ შეკითხვებს, დაინტერესდეთ, რითი შეგიძლიათ დაეხმაროთ. საქმე ისაა, რომ, როდესაც თქვენი ქსელი „გეხმარებათ“ თქვენ მის რესურსს „ხარჯავთ“. ერთადერთი მეთოდი, რომ ეს რესურსი არ ამოიწუროს (და, მეტიც, გაიზარდოს), არის თქვენც გამოადგეთ ქსელს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელს ქსელს „ემსახუროთ“ და არა იმ წევრებს, ვინც, თქვენი აზრით, გამოგადგებათ - ჩვენ არასოდეს ვიცით, როდის რაში დაგვჭირდება დახმარება.

· აქტიურად გამოიყენეთ ქსელი. სხვა შემთხვევაში რეალური სარგებელი არ დადგება - თუ სამსახურის ან კონტრაქტის მოპოვება გინდათ კომპანიაში, ჰკითხეთ ქსელს, ვის იცნობენ და რა შეუძლიათ გაგიკეთონ. დაუსვით ნებისმიერი შეკითხვა. გამოიყენეთ ნებისმიერი დახმარება - ეს არამარტო თქვენს საქმეს წაადგება, არამედ დაგაახლოვებთ ქსელთან და მის წევრებს მისცემს გამბედაობას, იგივე გააკეთონ თქვენს მიმართ. მხოლოდ ასე შეიძლება ამ ფასდაუდებელი აქტივის „მარადიული ჯანმრთელობის“ უზრუნველყოფა.

· გაუფრთხილდით რეპუტაციას - ქსელი ორმხრიანი მონეტაა - ყველაფერი, რასაც გააკეთებთ - კარგიც და ცუდიც - ვრცელდება ქსელში. შეეცადეთ სერიოზულად მოეკიდოთ „ქსელის თხოვნებს“ და არ ჩათვალოთ ეს მეორეხარისხოვან საქმიანობად. დამიჯერეთ - დაგიფასდებათ.

· ეძებეთ ახალი ნაცნობები - გამოიყენეთ შეხვედრები, კონფერენციები, სამსახურებრივი კავშირები ქსელის შესავსებად. ასევე გახსოვდეთ, რომ შემთხვევითი და უსარგებლო კავშირები (ვისაც არ აპირებთ, დაეხმაროთ) ქსელს ტვირთავს და მის ქცევას არაადექვატურს ხდის.

· მუდმივად იკონტაქტეთ ქსელის პირველ დონესთან - ერთადერთი საშუალება, რომ ქსელის „ჯანმრთელობა“ შეინარჩუნოთ არის ამ საქმისთვის დროის დათმობა. გაგიკვირდებათ, თქვენი მხრიდან დახმარების რამდენ შესაძლებლობას გამოავლენს მათთან სატელეფონო საუბრებში გატარებული 2-3 საათი. მიულოცეთ დაბადების დღეები და სხვა დღესასწაულები

4. როგორ გადავდგათ პირველი ნაბიჯები?

· დაადოკუმენტირეთ თქვენი ქსელი ნებისმიერი მოსახერხებელი მეთოდით.

· ჩაატარეთ ექსპერიმენტი - დაუსვით ქსელს შეკითხვა, ან სთხოვეთ დახმარება - არ ინანებთ.

· შეეცადეთ დღეში 2-3 ნაცნობს დაეკონტაქტოთ, მოიკითხოთ, გაარკვიოთ, რას საქმიანობს და რით შეგიძლიათ გამოადგეთ.

· გამოყავით ფიქსირებული დრო ქსელის შენარჩუნებისთვის, გაფართოებისა და განახლებისთვის.


იმედია, სასარგებლოდ ჩათვლით ამ თემას.

გთხოვთ, თქვენთვის საინტერესო თემები, ასევე შეკითხვები და კომენტარები მომწეროთ ბლოგში ან იმეილით.

დიდი მადლობა!

07 January 2009

გილოცავთ ქრისტეშობას!

კოლეგებო და მეგობრებო,

გილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

მრავალს დაესწარით! ღმერთი გფარავდეთ!

01 January 2009

გილოცავთ ახალ, 2009 წელს!

გილოცავთ ახალ, 2009 წელს!

წარმატებას და ჯანმრთელობას გისურვებთ!

ღმერთი გფარავდეთ!