მენეჯერების უმეტესობა დღემდე თვლის, რომ თანამშრომლის მუშაობის უარყოფითად შეფასება აუცილებლად გამოიწვევს ურთიერთობის გაფუჭებას მასთან და, შეძლებისდაგვარად, მომავლისთვის გადადებს ასეთ საუბარს.
საბოლოო ჯამში, შეიძლება მივაღწიოთ სიტუაციას, როდესაც თანამშრომლისთვის ჯერ არაფერი გვითქვამს არაერთხელ განმეორებული შეცდომის შესახებ, არადა იმდენი საქმე გაფუჭდა, რომ "მასთან საუბარს უკვე აზრი არა აქვს". ეს არის კარგი თანამშრომლების დაკარგვის, ალბათ, ერთ-ერთი "საუკეთესო" გზა.
მე მინდა "გაგანდოთ" უარყოფითი უკუკავშირის ტექნიკა, რომელიც ჩემი (და არამარტო ჩემი) გამოცდილებით, არის ეფექტიანი და არ იწვევს "გვერდით მოვლენებს".
ეფექტიანი უკუკავშირის მეთოდს რამდენიმე მარტივი წესი უდევს საფუძვლად:
წესი პირველი:
უკუკავშირი (ანუ ჩვენი უარყოფითი შეფასება) ყოველთვის უნდა ეხებოდეს თანამშრომლის გადაწყვეტილებას და არავითარ შემთხვევაში პიროვნებას, თვისებას, შედეგს და ა.შ.
უკუკავშირის მიწოდებას იმაზე, რაც თანამშრომლის კონტროლს არ ექვემდებარება (მეტყველების მანერა, თმის ფერი, სიმაღლე, ეკონომიკური კრიზისი და სხვა ბუნებრივი თვისებები), არის აბსოლუტურად უსარგებლო და წყენის მეტს არაფერს გამოიწვევს.
ეს ნიშნავს, რომ სანამ თანამშრომელთან გასაუბრებას გადავწყვეტთ, უნდა დავფიქრდეთ "მისმა რა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანეს, ან შეიძლება მიგვიყვანონ, ცუდ შედეგამდე?". მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოქმედების დაწყება.
წესი მეორე:
უარყოფითი უკუკავშირის ერთადერთ მიზანს მომავალი შედეგების გაუმჯობესება წარმოადგენს! უკუკავშირი არაა სასჯელი, საქმის გარჩევა, დარცხვენა, გამოაშკარავება ან რაიმე მსგავსი! ერთადერთი გზა, რომლითაც შესაძლებელია სამომავლო შედეგების გაუმჯობესება არის ის, რომ, როდესაც მომავალში დადგება გადაწყვეტილების მიღების დრო, თანამშრომელმა გაიხსენოს წინა ეპიზოდი და უკეთ განსაჯოს, რაც მიგვიყვანს უკეთეს შედეგამდე.
წესი მესამე:
უარყოფითი უკუკავშირი არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს სხვა თანამშრომლების ან მენეჯერების თანდასწრებით! ყველაზე შეგნებული თანამშრომელიც კი გაბრაზდება "სახალხო სამსჯავროს" დროს. სასაუბროდ ცალკე გამოწვევას თანამშრომლის მომზადების როლიც აკისრია. მაგალითად, თათბირზე აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა თქვენმა თანამშრომელმა დროზე ვერ შესძლო მნიშვნელოვანი ამოცანის დასრულება, რაც მნიშვნელოვან პროექტს საფრთხეს უქმნის. უარყოფითი სიახლის მოსმენის შემდეგ, თათბირის მიმდინარეობისას, უთხარით თანამშრომელს, რომ შეხვედრის შემდეგ გინდათ მასთან საუბარი. ის რამდენიმე წუთი, რომელიც ამ თხოვნიდან საუბრამდე გავა, მნიშვნელოვნად "მოამზადებს" თანამშრომელს "ცუდი ამბების" მოსასმენად. ის, ასევე, ნამდვილად დააფასებს საჯარო შეხვედრიდან პირად ფორმატზე გადართვას.
წესი მეოთხე:
უკუკავშირის ერთადერთი მიზანი არის თქვენი შეხედულების გაცნობა თანამშრომლისათვის და არა მისი დარწმუნება ან დათანხმება. თქვენი მოსაზრების გაგების შემდეგ თანამშრომელი აუცილებლად მოინდომებს გარემოებების ახსნას და საქმის დეტალურ გარჩევას. ეს დაუშვებელია! მნიშნველობა არა აქვს, როგორ დაასრულებთ შეხვედრას. მთავარია, ის არ გაგრძელდეს ერთ წუთზე მეტ ხანს.
წესი მეხუთე:
ნუ გადადებთ უარყოფით უკუკავშირს. რაც მეტი დრო გავა ქმედებიდან საუბრამდე, მით მეტია ალბათობა, რომ თქვენი "წუხილი" წყენაში გადაიზარდოს, სხვა უარყოფითი ამბების "შეზავდეს" და გაუგებარი პრეტენზიის სახე მიიღოს. ასევე საუბრის გადადებით იზრდება ალბათობა, რომ უარყოფითი ქცევა განმეორდება და, ამით, სიტუაცია დამძიმდება.
ახლა, ამ პრინციპებზე დაყრდნობით, გადავიდეთ თვითონ უარყოფითი უკუკავშირის პროცესის აღწერაზე და განვიხილოთ მაგალითი:
თქვენმა თანამშრომელმა ზურამ ორი კვირის განმავლობაში მესამედ დაიგვიანა ნახევარ საათზე მეტით. იმიტომ, რომ ზურა ჩართულია კლიენტების მომსახურების პროცესში, თქვენ წუხხართ, რომ ასეთი საქციელი საქმეს დააზარალებს და გინდათ დროულად აღკვეთოთ.
პროცესი შედგება 5 ნაბიჯისგან:
- გაიაზრეთ, ზურას რა გადაწყვეტილება არის, თქვენი აზრით, მცდარი. ამ შემთხვევაში, დავუშვათ, თქვენ აზრით, ზურამ გადაწყვიტა, რომ მისი დროული მოსვლა სამსახურში არაა მნიშვნელოვან რისკებთან დაკავშირებული და, ამიტომ, უმნიშნველო დარღვევაა.
- თანამშრომელი გამოიხმეთ ცალკე (სადაც სხვები ვერ გაიგებენ ჩვენს საუბარს) და თხოვეთ ნებართვას უარყოფითი უკუკავშირის გამოსათქმელად. "ზურა, შეიძლება ჩემი აზრი გითხრა შენი დაგვიანების შესახებ?". ზურას მხრიდან უარყოფითი პასუხის ალბათობა ძალიან დაბალია და პირდაპირ კონფრონტაციას ნიშნავს. დადებითი პასუხის შემთხვევაში აგრძელებთ.
- აყალიბებთ თქვენს მოსაზრებას, თუ რატომაა, თქვენი აზრით, ზურას გადაწყვეტილება მცდარი. "ზურა, ჩემი აზრით, შენი გადაწყვეტილება, რომ დილით დროულად მოსვლა არაა მნიშვნელოვანი, მცდარია. რადგან შენ კლიენტებთან გაქვს შეხება, ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება უარყოფითად აისახოს კლიენტის კმაყოფილებაზე ან თანამშრომლების განწყობაზე შენს მიმართ (თუ მათ მოუწევთ შენს მაგივრად დამატებითი საქმის შესრულება). იმედი მაქვს, რომ ჩემს მოსაზრებას გაითვალისწინებ და მომავალში სხვაგვარად გადაწყვეტ. გმადლობ, რომ მომისმინე." ამ სიტყვების თქმას მშვიდი და აუჩქარებელი ტონით დაახლოებით 30 წამი სჭირდება.
- თქვენი მოკლე მონოლოგის დასრულების შემდეგ, ზურა აუცილებლად შეეცდება რაიმე გიპასუხოთ - რომ ხვდება, რომ არასწორად მოიქცა ან აგიხსნით, რატომ მოხდა, ან, უარეს შემთხვევაში, შეეცდება "საქმის გარჩევას". ჩვენს მაგალითში, ზურა იწყებს იმის ახსნას, რომ დილით მეუღლემ ბავშვი ვერ წაიყვანა სკოლაში და ა.შ. ეს პროცესი ("უკუკავშირის უკუკავშირი") უნდა აღკვეთოთ! მნიშვნელობა არა აქვს, როგორ შესძლებთ ამას, მთავარია, რომ საუბარი აღარ უნდა გაგრძელდეს. მიზანი მიღწეულია - თქვენ უთხარით ზურას თქვენი მოსაზრება და ყოველგვარი შემდგომი დისკუსია უსარგებლოა! თქვენ შეგიძლიათ დაეთახმოთ ზურას - "გასაგებია. გმადლობ." ან "ბოდიში. შეხვედრაზე მაგვიანდება" და ა.შ. - მთავარია, ზურა მიხვდეს, რომ საუბარი დასრულდა და შემდგომი განხილვა აღარ იქნება.
- იმავე დღეს, სასურველია მალევე, ზურას უნდა ესაუბროთ სხვა თემაზე და, ამით, მიახვედროთ, რომ ნაწყენი არ ხართ და ინციდენტი ამოწურულია. კარგი იქნება, თუ გამონახავთ მიზეზს, რომ ზურა რამისთვის შეაქოთ
- ზურამ იცის, რომ თქვენთვის ცნობილია მისი "საქციელის" შესახებ
- უკუკავშირი შედგა ზურას ნებართვით, რაც უზრუნველყოფს მისი თავმოყვარეობის დაკმაყოფილებას
- ზურამ გაიგო, თქვენი უარყოფითი შეფასება და არგუმენტაცია
- სხვა თანამშრომლებს არაფერი გაუგიათ, მაგრამ გაიგეს, რომ "საუბარი შედგა"
- ნაწყენი არავინაა და სამუშაო პროცესი გრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში
იმედია, სასარგებლოდ ჩათვლით ამ თემას.
გთხოვთ, თქვენთვის საინტერესო თემები, ასევე შეკითხვები და კომენტარები მომწეროთ ბლოგში ან იმეილით.
დიდი მადლობა!