13 January 2011

დაიქირავეთ სვანები!

ეს პოსტი, სათაურიდან გამომდინარე, შეიძლება ჩემი მეორე ბლოგისთვის (ანეკდოტები) განკუთვნილი გეგონოთ, მაგრამ ნუ იჩქარებთ...

საუბარია სამახსოვრო აბრევიატურაზე SWAN, რომელიც თანამშრომლების შერჩევის საქმეში კარგადაა ცნობილი.

S(mart) - საზრიანი. საზრიანობა არის ინტელექტუალური შესაძლებლობების, იუმორის გრძნობის, გონებამახვილობისა და სითამამის ნარევი. საზრიან ადამიანს კარგად უნდა გამოსდიოდეს გამოცანებს (და არა ამოცანების) ამოხსნა, სწრაფად უნდა იგებდეს რთულ ისტორიას, სვამდეს ბევრ "ჭკვიანურ" შეკითხვას. კარგია, რომ ეს ყველა თვისება შემოწმებადია ჩაღრმავებული გასაუბრებისას.

W(ork Hard) - დაუზარელი, მშრომელი. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ ნიშნავს ადამიანს, რომელიც "ბევრს მუშაობს", არამედ ისეთ ადამიანს, ვისაც, თუ ჩათვალა, რომ "საქმეს სჭირდება", შეუძლია ბევრი მუშაობა. ასეთი ადამიანები, ხშირად, სიამაყით იხსენებენ ისეთ შემთხვევებს პროფესიული ცხოვრებიდან, როდესაც ბევრი მუშაობა მოუხდათ და კარგ შედეგებს მიაღწიეს. გასაუბრებისას ძალიან სასარგებლო და საინტერესოა იმის მოსმენა, რასაც ადამიანი პროფესიული თვალსაზრისით ყველაზე "ტკბილ მოგონებებად" თვლის.

A(mbitious) - ამბიციური. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს ჰქონდეს "მამოძრავებელი იდეა", რომლის მიღწევაც, მათი აზრით, ცხოვრებას აზრს შესძენს და სხვებისგან გამოარჩევს. ზოგისთვის ეს კარიერული განვითარებაა (დაწინაურება), ზოგისთვის - მატერიალური წინსვლა, ზოგისთვის - საინტერესო საქმე, ზოგისთვის - თანამდებობის დასახელება. ამბიციურობა ძალზე მნიშვნელოვანია რთულ სიტუაციებში და კონკურენტული შეჯიბრის თვალსაზრისით, რომელიც თანამედროვე ორგანიზაციის განუყრელი კომპონენტია.

N(ice) - კარგი (სასიამოვნო) ადამიანი. როგორც სკოლაში და ოჯახში გვასწავლიდნენ, პირველ რიგში, კარგი ადამიანი უნდა იყო და მერე - პროფესიონალი. ეს ძალიან ფუნდამენტური საკითხია, რომელსაც მრავალი ჩვენგანი საკმარის ყურადღებას არ უთმობს. თანაც უფროსთან ყველა სასიამოვნო ადამიანია. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ კანდიდატი იმათთვისაც კარგია ვისაც მათთვის არაფრის გაკეთება (ან გაფუჭება) შეუძლია. ეს კომპონენტი, ალბათ, გასაუბრებისას ყველაზე რთული დასადგენია და შემრჩევის გამოცდილ თვალს მოითხოვს.

მხოლოდ ამ ოთხი თემის გააზრების შემდეგ იწყება ცოდნა-გამოცდილების ნაწილი.

ჩემი აზრით, ეს მარტივი წესი "ოქროს გასაღებია" ნებისმიერისთვის, ვინც არ დაიზარებს და დაიწყებს მის გამოყენებას.

ასევე, საინტერესო იქნება დაწეროთ თქვენი არსებული საუკეთესო (და არცთუ საუკეთესო) თანამშრომლების სახელები და გააანალიზოთ ისინი SWAN-ობის კრიტერიუმებით. შედეგი, მე მგონი, ძალიან თვალსაჩინო იქნება!

წარმატებას გისურვებთ!

1 comment:

  1. სანდროსგან როგორც ყოველთვის საინტერესო და ძალიან გამოსადეგი ინფორმაცია :)

    ReplyDelete